გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დააკვირდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი წერს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ვალტონენი ბოდიშს უხდის კობახიძეს იმის გამო, რომ შეხვედრის გაუქმება მოუწია.
“ბოდიში, დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია” – წერს ველტონენი.
„პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოს.
იმისთვის, რომ ხალხმა თავისი უფლება განახორციელოს, სჭირდებათ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური ალტერნატივებით, რომელთა შორისაც ისინი არჩევანს გააკეთებენ.
ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება თითოეული ადამიანისთვის.
მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლის თავზე, გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დააკვირდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიში, დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია”. – დაწერა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე.

