შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით იაუბრა და განაცხადა რომ , ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი და თავისი პროტესტი.
„შეუძლებელია, რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე. შეკრებასა და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი. როდესაც არის ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. გამოხატონ იქ. თუკი იქნება ის რაოდენობა რომლისთვისაც საკმარისი არაა, რომ ტროტუარმა დაიკავოს, შეუძლიათ ასევე გამოიყენონ ქუჩის ტერიტორია. ახლა ხედავთ ფეხებგაფარჩხული რომ კეტავენ გზას, იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები. 20 ადამიანი ვერ იძალადებს 1.5 მილიონიან ქალაქზე. ვხედავთ, ფოტოები იყო გავრცელებული, რომ ჯაჭვსაც ვერ კრავენ, ცდილობენ, რაც შეიძლება გაიწელონ, რომ გადაკეტონ გზა.
საკითხი მარტივია, უნდა ვინმეს პროტესტის გამოხატვა? – კი ბატონო, გამოხატოს. კანონში წერია, რომ 20 ადამიანს უფლება აქვს გადაკეტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა? – წერია, რომ არა, აკრძალულია! იმიტომ შეგვაქვს, რომ კანონს დაემორჩილოს ყველა. საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ვისაც უნდა პროტესტის გამოხატვა, შეუძლია გამოხატოს. თუკი საკმარისი რაოდენობა ადამიანის არ არის, მან ქუჩა არ უნდა გადაკეტოს. ნათელია რეგულაცია. ვინც ამ რეგულაციას არღვევს, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი სახის რეაქცია ასეთი სახის დანაშაულზე, რომ ჰქონდეს პრევენციული დანიშნულება. რეაქცია, სანქცია უნდა იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დანაშაულის პრევენციას.
ვხედავთ, რომ არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა პრევენციას, ამიტომაც არის ეს გადაწყვეტილება მიღებული პარლამენტის მხრიდან, რომ ამ მხრივ გამკაცრდეს პოლიტიკა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

