თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დასრულდება.
როგორც ”მეტრონომს” თსუ-ში აცნობეს, განაცხადი ორ კანდიდატს აქვს შეტანილი-მერაბ ელიაშვილს და ინესა მერაბიშვილს.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება. საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 5 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის ბოლო ვადად 14 აპრილის 18.00 საათი დასახელდა. კენჭისყრის პროცედურა 20 აპრილს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიმართება. არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი. თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება, ანუ ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნებში გამოვლინდება ორი ან მეტი კანდიდატი თანაბარი ხმების ოდენობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ხუთ დღეში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.