საქართველოს პრემიერმინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის – ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი. არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ, ჩვენ დღეს მოტივირებულ შენიშვნებს ვაგზავნით, რათა პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ ისეთ დროს მოხდეს, რომ გამოქვეყნება ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას დაემთხვეს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მანამდე სამოქალაქო სექტორმა პრემიერს მოუწოდა, კონტრასიგნაციამდე, განკარგულების პროექტი საქართველოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს, რაც მათი თქმით, ყველა სახის გაუგებრობას დაასრულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თუ პრემიერის მხრიდან არჩევნების თარიღის გამოცხადების განკარგულების კონტრასიგნაცია მოხდება, კანონის თანახმად, ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში განკარგულების გამოქვეყნებისთანავე შევა. მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებაში შეიძლება ეწეროს, რომ ის ძალაში 8 აგვისტოს შედის.
„თუ პრემიერმა პრეზიდენტი უარით გაისტუმრა, შეიძლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში პრეზიდენტმა ხელახლა იმავე საკითხზე გადაწყვეტილების ინიცირება ვერ შეძლოს, ეს იქნება კრიზისული გამოსავალი, ლოგიკური იქნება, რომ შენიშვნებით დაბრუნდეს,“- განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება თუ წინასაარჩევნო პერიოდად 3 თვე იქნება აღებული. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან ფართო განსჯა გამოიწვია, სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა პარტიის მხრიდან, 2 თვის ვადასთან დაკავშირებით გარკვეული უკმაყოფილება გამოითქვა, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რომ გამოქვეყნებაც 8 ივლისს დაემთხვეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად სამი თვე იქნას აღებული,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.