ბოლო ცხრა თვეში, ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწოებისა და დაშინების 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დოკუმენტშია ნათქვამი.
“მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენდციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში.
2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა. მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი – შეუძლებელიც გახადა” – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

