შსს-მ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა – ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
“მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა, საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრია და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებისა და ახალი დეტალების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრიბად მივაწვდით” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

