კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა, კიევში დაღუპულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არის 12 წლის გოგონა.
კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად სოლომენსკის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი. ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი. საგანგებო სამსახურები მობილიზებულები არიან დედაქალაქის ექვს რაიონში 20 ლოკაციაზე. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობაც. ერთ-ერთი რუსული დრონი ჩამოვარდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კი ავტოსადგომზე, სადაც შედეგად გაჩნდა ხანძარი. დაზიანდა კიევის სხვადასხვა რაიონებში მდებარე კერძო სახლები.

