ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსული კანონის” პირველად მიღების დროს, აქციებზე დაზარალებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი ჟურნალისტების სახელით, ქვეყანაში მიმდინარე არაეფექტურ გამოძიებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევასა და ქვეყანაში უფლებების დაცვის ეფექტური საშუალებების არ ქონაზე, დაობენ.
უფლებადამცველი წერს, რომ ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მალე დაიწყება. საქმის სახელია “კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.
სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მიიღო წარმოებაში.
ორი თვის წინ მედიაომბუდსმენის გუნდთან ერთად სტრასბურგში გავაგზავნეთ 2023 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის პირველად მიღების დროს დაზარალებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე.
საქმის სახელია კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Kokaia and Others v. Georgia).
ჟურნალისტების სახელით ვდავობთ ქვეყანაში მიმდინარე არაეფექტურ გამოძიებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევასა და ქვეყანაში უფლებების დაცვის ეფექტური საშუალებების არ ქონაზე.
ევროპულ სასამართლოში მალე დაიწყება კომუნიკაციის ეტაპი და შესაბამისად საქმის არსებითი განხილვა.
განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით პერიოდულად.
წარმატებები თავისუფლებისა და პროფესიის გადარჩენისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს!” – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

