ახალი ამბები მთავარი სპორტი

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს ქართველ მოჭიდავეს ბრალდება მოეხსნა

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს ქართველ მოჭიდავეს, საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული რეგულაციით,  სანქციები მოუხსნეს. -ამის შესახებ ინფორმაციას sportall-ი აქვეყნებს, რომელსაც ეს ინფორმაცია საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ მიაწოდა.

როგორ პალიკო კასრაძე განმარტავს, თუ პირველ მარტამდე აღებულ სინჯებში მელდონიუმის შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, სპორტსმენი დისკვალიფიკაციას ექვემდებარებოდა, უფრო ნაკლები შემცველობის შემთხვევაში კი არა.

სპორტსმენების სინჯებში აღნიშნული პრეპარატი დასაშვები ნორმის ფარგლებში მოექცა.

 

”საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოში მიმდინარეობდა განხილვა, რაც დაკავშირებული იყო 1-ელ იანვრამდე მიღებულ და ამის შემდეგ აღმოჩენილ ამ ჯგუფის დოპინგზე. ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა შარდში მელდონიუმის კონცენტრაცია და საბოლოო დასკვნა ამ დილით უკვე დაგვიგზავნეს. მასში წერია, რომ თუ 1-ელ მარტამდე აღებულ სინჯებში ეს შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, უფრო ნაკლები კი – არა. ჩვენს შემთხვევაში ეს მეორე ვარიანტია – ექვსივე მათგანის სინჯი მერყეობს 0.2-დან 2-მდე. აქედან გამომდინარე, ქართველ სპორტსმენებს ყველანაირი სანქცია მოეხსნათ და აღუდგათ თავიანთი უფლებები, მათ შორის – დავით მოძმანაშვილსაც, რომელსაც ეს აღარ ეთვლება განმეორებით დოპინგად”, – განაცხადა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ.

აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის მიღებაში ბრალი ქართველ მოჭიდავეებს, ბექა ბუჯიაშვილს, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ბექა ლომთაძეს, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ავთანდილ კენჭაძეს, გიორგი მეშვილდიშვილსა და ოლიმპიადის ფინალისტ, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ დავით მოძმანაშვილს, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე მათე სოფაძეს ედებოდა. ამავდროულად, დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალში შესაძლოა ქართველი ბოდიბილდერებიც მოექცნენ.  კასრაძის ინფორმაციით,  სამი ბოდიბილდერი აკრძალული პრეპარატების მიღებაშია ეჭვმიტანილი და ჯერჯერობით მათი ანალიზების კვლევა მიმდინარეობს.

იტვირთბა....