4 ოქტომბერს რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რომლის მიზანიც “ქართული ოცნების” მშვიდობიანად დამხობაა – როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა ქმედებებს უნდა ველოდეთ “ოცნებისგან” ? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომმა” ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ირაკლი შაიშმელაშვილთან ჩაწერა.
მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვა იგეგმება – კითხვაზე თუ რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და როგორ ემზადება “ოცნება” ამ დღისთვის, მან განაცხადა, რომ ეს არის შიდა წყაროებიდან გამოსული ინფორმაცია. შაიშმელაშვილის თქმით, პარტიაში ძალიან დაძაბულები არიან და ეშინიათ 4 ოქტომბრის.
“ეს არის შიდა წყაროებიდან გამოსული ინფორმაცია. არსებობს კანდიდატი, რომელიც განიხილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე. ის შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზესაშვილი გურამია. შიდა წყაროების ცნობით, ზესაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნის არსი არის ის, რომ აქვთ მოლოდინი და შიში, რომ შესაძლოა შსს-მ არ შეასრულოს ის ბრძანებები, რაც გულისხმობს მოქალაქეთა დარბევას. ამიტომ გეგმა B აქვთ და ცდილობენ პროცესებში შემოიყვანონ, ალბათ, საგანგებო მდგომარეობის გამოყენებით. რადგანაც თავდაცვის ძალების გამოყენებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების ღონისძიებების დროს სჭირდება პრეზიდენტის ბრძანებულება. ალბათ, ამ ნაბიჯს გადადგამს ამათი პრეზიდენტი. რამდენად მოხდება ეს დადასტურებულად თქმა არ შეგვიძლია, თუმცა არიან ძალიან დაძაბულები და ეშინიათ 4 ოქტომბრის. ეს აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული. მით უფრო, რაც ხაბეიშვილი დააკავეს, ამან მიიღო თვითორგანიზების სახე ისევე, როგორც ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა. მთავრობისთვის ყველაზე საშიში არის არა პოლიტიკური აქცია, არამედ საზოგადოებრივი გაერთიანება” – აღნიშნა მან.
თუ პროცესები უმართავი აღმოჩნდა რა უკიდურესი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია “ქართულ ოცნებას”? რაზე არიან ისინი წამსვლელები?
“მე მოვესწარი 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციებს. მერწმუნეთ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები ემსახურება ერთ მიზანს, რომ მოსახლეობა შეაშინონ. მათ უფრო ეშინიათ საზოგადოების. 4 ოქტომბერს რომ დაიწყონ ძალის გამოყენება, ვგულისხმობ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჩართვას, ამისთვის რაღაც სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს. ამიტომ ესენი პირველ რიგში ეცდებიან აქციის მარგინალიზებას, მაგალითად, დააკავშირონ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან. ასევე ეცდებიან შიდა პროვოკატორების გამოყენებას, მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ყოფილი სპორტსმენების და სპორტული აღნაგობის მქონე მოქმედი თანამშრომლების სამოქალაქო ტანსაცმელში აქციაზე გამოყვანას აპირებენ. მათ შესაძლოა შიგნით გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ”
თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებით? დასრულდება თუ არა სასურველი შედეგით 4 ოქტომბერს დაანონსებული “მშვიდობიანი რევოლუცია”?
პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ უნდა ირწმუნოს გამარჯვების, ყველა უნდა გამოვიდეს ქვეყნის დასაცავად. მშვიდობიანი რევოლუცია არაერთგზის მომხდარა მსოფლიოში. ის დგას ორ ფაქტორზე, საზოგადოების ერთიანობაზე და ძალოვანი სტრუქტურების ნეიტრალობაზე. თუ 4 ოქტომბერს, ისევე როგორც 2003 წელს მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ანუ გულუას ქვედანაყოფმა უარი თქვა დაკავებებზე, დარბევებზე და მაშინდელი აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის უფლება მისცეს, თუ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, გაერთიანდება მთელი საქართველო და ლეგიტიმური მოთხოვნები იქნება წაყენებული, მაშინ იქნება შედეგი. ხალხის მოთხოვნაა დაიბრუნონ კონსტიტუციური უფლება, საარჩევნო ხმა, რაც მოჰპარა “ქართულმა ოცნებამ”. ამისთვის საჭიროა მიუკერძოებელი და ახლიდან ფორმირებული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ პროცესებში შსს-ს და სუს-ის გამიჯვნა და ამის შემდეგ ჩატარდეს საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები ერთად. დღეს, ისევე როგორც 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავს საარჩევნო პროცესებს. დანარჩენი ყველანი არიან მარიონეტები. თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებია საზოგადოების მოთხოვნა და არა პარლამენტის დაწვა ან არეულობა.
თუ საზოგადოება გაერთიანდება და გამოვა ძალიან ბევრი ხალხი, პირობას გაძლევთ ჩვენ ყველანი ერთად მომსწრე გავხდებით 5 ოქტომბერს როგორ დაიბადება ახალი საქართველო. ამათ უკან დგას რუსული სპეცსამსახურები და კადიროვის გარკვეული დაჯგუფებები. ხამზატ ჩიმაევის ჩამოსვლა, მანქანის ჩუქება და პომპეზური დახვედრა არ არის შემთხვევითი. ამას თან ახლავს მთელი რიგი გარიგებები და შეთანხმებები. მიუხედავად იმისა რომ ძალოვან უწყებებში ჰყავთ ფულზე გაყიდული და შუბლზე ძარღვ გაწყვეტილი ადამიანები, რომლებსაც ახალგაზრდების უმოწყალოდ ცემა შეუძლიათ და ასე შემდეგ, მერწმუნეთ, შსს-ში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი და თუ საზოგადოება იქნება ერთიანი, საერთო ეროვნული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მაშინ, საზოგადოების გვერდით იდგება შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ მიიღეს გადაწყვეტილება და თავდაცვის ძალები ჩართეს, ისინი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ. ივანიშვილი კი იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

