ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, ხოშტარია უარს ამბობს დაცვის უფლებაზე.
„ელენემ, იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ფარსია და როლი, უბრალოდ მოქალაქისა, რომელიც ჰყავთ ტყვეობაში არის ამ სპექტაკლში ძალიან უმნიშვნელო, მას არ სურს, რომ რიამე ტიპის სამართლებრივი პროცედურები ან იურიდიულ კაზუსტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ ის უარს ამბობს დაცვის უფლებაზეც ამ საქმეზე.
მე ვრჩები მის ადვოკატად ზოგადად, თუმცა ამ საქმეში მის ინტერესებს აღარ დავიცვავ. ალბათ, განცხადება, უფრო ვრცელი, გავრცელდება მისი სახელითაც, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე მას არ უნდა, რომ საზოგადოების ან თუნდაც მისი დროის და ყურადღების ძალიან მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარსს, რომელსაც ჰქვია ქართული მართლმსაჯულება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას პროკურატურამ კალაძის ბანერის დაზიანებისთვის ბრალდება დღეს წარუდგინა.
ელენე ხოშტარიას ბრალდება სსსკ-ის187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კალაძის ბანერზე “რუსული ოცნება” დააწერა.

