“არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ 4 ოქტომბერს რვა საათზე ხელისუფლება შეიცვლება და ყველაფერი რიგზე იქნება. ცუდი მოლოდინები მაქვს და მეშინია პროვოკაციის ბოიკოტისტების მხრიდან, რადგან ისინი პარალელებს ავლებენ სომხეთთან, ნეპალთან და 2003 წლის რევოლუციასთან”, – პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მოლოდინებსა და საფრთხეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკმაოდ საშიში პროცესები გველის წინ, რადგან ის პარალელები, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები ავლებენ სრულიად შეუსაბამოა საქართველოს პოლიტიკური რეალობისთვის.
“ბოიკოტისტი ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ იმას, რომ სრულიად განსხვავებული საშინაო და საგარეო ვითარება გვაქვს ვიდრე 2003 წელს გვქონდა, მაშინ ვარდების რევოლუციაში თანაბრად მონაწილეობდნენ მოსკოვიც და ვაშინგტონიც, ვისაც ახსოვს იცის, მაგრამ ეს მაინც და მაინც დაფარული ან დამალული არ იყო და ყველამ იცოდა, ასევე მეტ ნაკლებად შეთანხმებულები იყვნენ იმაზე, რომ შევარდნაძე უნდა წასულიყო და იმაზედაც შეთანხმებულები იყვნენ, რომ ეს ტრიუმვირატი უნდა მოსულიყო. დღეს ასეთი ვითარება ნამდვილად არ არის, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და რაც ყველაზე მთავარია მაშინ ოპოზიციური ამომრჩეველი ფაქტობრივად იყო ერთიანი. დღეს ასე არ არის ვითარება არც საშინაო და არც საგარეო დარგში, დღეს ჩვენთვის ნაკლებად სცალიათ ჩვენს მეგობრებსა და მტრებს, მაგრამ მტრები იმის მტრები არიან, რომ რამეს მოიფიქრებენ და გააკეთებენ და მითუმეტეს მათ პროვოცირებას ბევრი არაფერი არ სჭირდება, ამიტომ ეს თემა ყველაზე მეტად მაშინებს და მაწუხებს”.
ასევე ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა მომავალ აქციებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი და ხალხმრავალი იქნება, რომელთა საბოლოო შედეგიც შესაძლოა ტოტალიტარული სახელმწიფო იყოს.
“დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ხალხმრავალი აქცია, ოღონდ არაა 200 000 და 300 000 კაცის, არამედ სადღაც 50 000 კაცის ფარგლებში თუ იქნება ეს უკვე კარგია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები ერთ და ორ დღეში არ დასრულდება და შეეცდებიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც, სწორედ ამას ვეძახი პროვოცირებას და შესაძლოა ხელისუფლების ცვლილების მაგივრად მივიღოთ სრულფასოვანი ავტორიტარული ხელისუფლება”.
როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავება, მიანიშნებს ხელისუფლების შიშებზე.
“ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავება ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია იმისა, რომ საზოგადოებამ არ გააკეთოს მოულოდნელი სვლა, მივიდნენ არჩევნებზეც და შემდეგ პროტესტშიც მიიღონ მონაწილეობა, რაც იქნება კატასტროფა ხელისუფლებისთვის, ამიტომ ცდილობენ რომ პრესი გააძლიერონ, რათა საზოგადოებას მისცენ მიმართულება, რომ არჩევნებზე კი არ მივიდნენ, არამედ ქუჩაში გავიდნენ. დღეს ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია, რომ ხალხი მივა არჩევნებზე ვიდრე იმისა, რომ ქუჩაში შეიკრიბებიან. ქუჩის პრობლემას მეტ ნაკლებად გადაწყვეტენ, აი არჩევნების პრობლემა კი გაცილებით რთული გადასაწყვეტი იქნება”, – ვახტანგ ძაბირაძე.

