ახალი ამბები მთავარი

გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან დავით რაზმაძის გადაყენებას საკრებულოს 36 წევრიდან მხოლოდ 10-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები არ მონაწილეობდნენ.

„საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა თერთმეტი, ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა იყო – ერთი, შესაბამისად, ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა იყო ათი და კენჭისყრის შედეგები ამგვარია – მომხრე 10, მოწინააღმდეგე არცერთი, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და საკრებულოს რეგლამენტით, აღნიშნული საკითხი განსახილველად აღარ შეიძლება დაისვას სამი თვის განმავლობაში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, სხდომის სპიკერმა მარლენ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა, რომელშიც დავით რაზმაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა – “ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან მიშას [სააკაშვილი] ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, ისინი კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“.

იტვირთბა....