“იმ წარწერის გაკეთებით, რომელიც მალევე მოაშორეს, პლაკატი მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზიანის ოდენობა 380 ლარიაო”, – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში და მეგი დიასამიძესათვის წაყენებულ ბრალდებაზე საუბრობს.
“380 ლარის ხარჯი თუ მართლაც საჭირო იყო წარწერის მოსაშორებლად, სამოქალაქო სარჩელი უნდა შეეტანათ მეგის წინააღმდეგ და მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო წესით დავის შემთხვებაშიც იქნებოდა თუ არა საქმე პერსპექტიული, სასამართლოს გადაეწყვიტა.
პლაკატის მართლაც დაზიანებისათვის (თუ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია), ვინმე სისხლის სამართლის წესით დასჯილიყოს, მე არ მახსენდება.
დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა იყო 2010 წელს. ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და რამდენიმე აქტივისტმა აქცია გამართეს. ქუჩისათვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს. მერია ამტკიცებდა, რომ პლაკატის გამოცვლა მოუწიათ და 2000 ლარამდე დაუჯდათ ახალი პლაკატის დამზადება. ამ თანხის ანაზღაურებისათვის მერიამ სამოქალაქო დავა დაიწყო. სისხლის წესით ბრალი არავისთვის ყოფილა წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსში 187-ე მუხლი მაშინაც იყო”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერების გაკეთების გამო სტუდენტი მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს.

