“ეუთო ოდირს” სულ რამდენიმე ქვეყანაში აქვს უარი ნათქვამი არჩევნებზე დაკვირვებაზე, მაგლითად აზერბაიჯანის არჩევნებზე, ბელარუსის 2020 წლის და რუსეთის 2021 წლის არჩევნებზე, ასევე ნაწილობრივ უარი აქვს ნათქვამი თურქმენეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” საქართველოს აი ამ ქვეყნების კლუბში აქცევს, სწორედ ამის ბრალია, რომ უვიზო რეჟიმს ვკარგავთ ევროკავშირთან და ზოგადად, რომ ევროპული გზიდან უკან ვიხევთ”, – ასე აფასებს პარტია “დროას! ” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა “მეტრონომთან” არჩევნების დაკვირვებაზე “ეუთო ოდირის” უარს.
როგორც გიგა ლემონჯავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, “ეუთო ოდირთან” არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაკავშირება იყო მიზანმიმართული ქმედება, რადგან მმართველი პარტიისათვის ცხადი იყო ის ფაქტი, რომ ამ დროში შეუძლებელი იქნებოდა სადამკვირვებლო კომისიის ორგანიზება და გამოგზავნა.
“ეუთო ოდირის უარი არის სწორედ იმ დიდი შეთქმულების ნაწილი, რომელსაც “ქართული ოცნება” უწყობს საქართველოს მომავალს. ერთი თვეც არ იყო დარჩენილი, როდესდაც მიმართეს სადამკვირვებლო მისიის გამოსაგზავნად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სინამდვილეში ამ დროში შეუძლებელია სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება და ეს არის მცდელობა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ოთხი ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას რაიმე საერთო აქვს არჩევნებთან, როდესაც სინამდვილეში ყველამ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, კარგად იცის, რომ არავითარი არჩევნები ოთხ ოქტომბერს საქართველოში არ ტარდება”.
გიგა ლემონჯავამ ასევე ისაუბრა ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო სიის წევრებზე და მისივე თქმით ეს სადამკვირვებლო კომისია კიდევ უფრო კომიკურს გახდის ამ არჩევნებს.
“კომიკურია იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვიეს, ამ სიით მოტყუებაც კი შეუძლებელია ადამიანების, რომ ეს რუსული სპეცოპერაცია ვითომ არჩევნებია. ეს სია კიდევ უფრო აკომიკურებს ოთხი ოქტომბრის სპეცოპერაციას”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ “მეტრონომთან”.

