“პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ ამ სახელწოდებით დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე ჰელსინკის კომისია საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს.
მოსმენაზე განიხილება საქართველოს ავტორიტარიზმში ჩავარდნის გლობალური შედეგები. მოწმეები ასევე შეისწავლიან აშშ-ის პოლიტიკის ვარიანტებს, როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება, რათა დაეხმარონ საქართველოს მოსახლეობას, დამოუკიდებლობისა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებაში” ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
“საქართველო ოდესღაც აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაშალა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის იშვიათი მიწების მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიციონერები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომლებიც ფართოდ არალეგიტიმურად იქნა მიჩნეული. ეს დაუყოვნებლივ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კომისიაზე მომხსენებლები იქნებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარი ლუკ კოფი.

