მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო, სადაც “ქართული ოცნების“ მომხრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს – ამ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ქართველ პოლიტოლოგს, გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი გახდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ძალის დემონსტრირებით საპროტესტო ტალღის ჩახშობას ცდილობენ.
“სამწუხაროდ, საქმე იმაში კი არ არის, პროტესტი რა ფორმას იღებს, საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება შეეზარდა კრიმინალურ სამყაროს, კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი გახდა და სარგებლობს “კუნთმაგარი”, “ჭკუათხელი” ადამიანების გამოყენებით, ამავდროულად კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით აკეთებს აქცენტებს. ეს ძალიან მძიმე სურათია, როცა პირდაპირ უყურებ ხელისუფლების კრიმინალიზაციის პროცესს” – განაცხადა ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
პოლიტოლოგის თქმითვე, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, და სწორედ ამ მიზნის შემადგენელი ნაწილია ძალადობა, მათ სურთ ამ გზით “გადატეხონ” პროტესტი. მთავრობა არ უსმენს ადამიანებს, არ მიდის კომპრომისებზე და ცდილობს “სამზარეულოში შეაგდოს განსხვავებული აზრი”.
“ჩვენ ვნახეთ საიდან მოდიან ეს “კუნთმაგარი” ადამიანები, როგორ მოდიან, რა მენტალობის მატარებლები არიან, მათ ჟესტიკულაციასაც ვუყურეთ. შვილისტოლა ბავშვებს აგინებენ, ურტყამენ ქალებს. ხელისუფლება პოლიტიკური პედოფილიით არის დაავადებული. მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობა პედოფილიის უმძიმესი ფორმაა და ამ გზას მიმართავენ ისინიც, ამ მეთოდებით ცილობენ პროტესტის ჩახშობას” – ამბობს გია ხუხაშვილი.
ამავე თემაზე საუბრისას, ხუხაშვილმა ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 4 ოქტომბრის არჩევნებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. გია ხუხაშვილის აზრით, გაამართლებს თუ არა აქციები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღდგება დღეს არსებული დაქსასულობა ოპოზიციონერებს შორის. იგი აღნიშნავს, რომ დღეს დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ ხელისუფლება და პროტესტის მონაწილეები კი არიან, არამედ ოპოზიციის სხვადასხვა ფრთაც. მოვლენების პროგნოზირება კი ჯერჯერობით შეუძლებელია, არსებობს შანსი იმისა, რომ ყველაფერი ნორმალურად წარმიმართოს და თუკი კოორდინაციას ვერ შეძლებენ, ცხადია, ეს ხელისუფლების სასიკეთოდ იქონიებს გავლენას.
ცნობისთვის თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია განთავსებული, 8 სექტემბერს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებას მოხდა. აქციიდან გავრცელდა კადრები, სადაც ხელისუფლების მომხრეები დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და რკინის ჯებირებს ურტყამდნენ, ჟურნალისტებს კი თავიანთ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

