დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი სხდომაზე ვერ გამოცხადდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ნინო დათაშვილის ადვოკატ, თამარ გაბოძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დათაშვილს ხერხემლის თიაქარის პრობლემები აქვს და ძლიერი ტკივილები აწუხებს. საპატიმროში კი, სადაც, მოთხოვნისდა მიუხედავად, ორთოპედიული ლეიბიც კი არ არის, ნინოს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
“როდესაც მას უფარდებდნენ პატიმრობას, ვამბობდით მოსამართლესთან, რომ ციხის პირობებში, სადაც არ არის ინკლუზიური გარემო, სადაც ორთოპედიული ლეიბიც კი არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. ამჟამად, მან სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაც კი ვერ შეძლო და ამას ადასტურებს თავად პენიტენციური დეპარტამენტის მე-5 დაწესებულების მთავარი ექიმი” – განაცხადა ადვოკატმა “მეტრონომთან”.
თამარ გაბოძის თქმითვე, საპატიმროში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ ახერხებენ. თავისუფლებაშეზღუდული ადამიანის შემთხვევაში კი სახელმწიფოს ევალება, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის უფლების დაცვა.
“სათანადო რომ ყოფილიყო სამედიცინო სერვისები, მაშინ ნინოს მდგომარეობა არ გართულდებოდა. სწორედ ესაა პრობლემა. თავისუფლებაშეზღუდული ადამიანის შემთხვევაში, სახელმწიფოს ევალება, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის უფლების დაცვა და თუ ვერ უზრუნველყოფს, უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან” – აღნიშნავს თამარ გაბოძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სასამართლოს პატიმრობის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავენ.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი 9 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

