ირაკლი კობახიძის განცხადებას, 4 ოქტომბერს ეუთო/ოდირის მოწვევის შესახებ, ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, გიორგი სიორიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ არჩევნებამდე 3-4 კვირით ადრე მისიის მოწვევაზე განცხადება პროპაგანტისტული ხრიკია და თეორიულად შესაძლებელია, მხოლოდ მოკლევადიანი მისიის წარმოდგენა, რაც წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას შეუძლებელს გახდის.
„ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 18 ივნისს განაცხადა, რომ არ აპირებდნენ ეუთო/ოდირის მისიის მოწვევას. ახლა არჩევნებამდე 3-4 კვირით ადრე მისიის მოწვევაზე გაცხადება არის პროპაგანდისტული ხრიკი, მსგავსი ბელარუსისა, როდესაც მისიას იმდენად ცოტა ხნით ადრე მოიწვევენ ხოლმე, რომ ეუთო/ოდირი ვეღარ ახერხებს ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას. პრაქტიკით, 4-6 თვით ადრე მოიწვევენ ხოლმე მისიას, უნდა შეირჩნენ დამკვირვებლები, მომზადდნენ შესაბამისად. როგორც ბელარუსის შემთხვევაში მომხდარა, თუ ეუთო/ოდირი ვეღარ ახერხებს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნას, ამას ისევ ეუთო/ოდირ-ს აბრალებენ ხოლმე და ამით წაახალისებენ ანტიდასავლურ რიტორიკას. თეორიულად არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ მცირე, მოკლევადიანი მისია იქნას წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას. ჩვენთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის, ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლების ყოფნა იმდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა არჩევნების მონიტორინგი და მხოლოდ პარტიული ძალებით მოგვიწევს 4 ოქტომბერს ბრძოლა. ბუნებრივია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეუთო/ოდირი ლიმიტირებულ მისიას გამოაგზავნის, როგორც ყოველთვის, ახლაც გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ივანიშვილის რეჟიმის ამ უმსგავსობების, უკანონობების სამხილებლად“ – თქვა გიორგი სიორიძემ

