“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებას ეხმიანება და ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს:
“პირველ რიგში შეუძლებელია, პატიმარმა სხვა პატიმრებს გათავისუფლება არ მიულოცოს. ამიტომაც სწორედ მილოცვით დავიწყებ.
მეორე, სავსებით მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი ლელოს ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში – არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ, ცხადია. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან. თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედია ველზე.
მესამე, მძიმე შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ახლა ბიძინას ტაქტიკა „დაყავი და იბატონეა“. არა, მეგობრებო. მისი ტაქტიკა „გააერთიანე და დაამცირეა“.
არავის ვურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყუარი გზაა. ასევე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სამშობლოს გადარჩენის დაზიანების და ბიძინას გაძლიერების უტყუარი გზა.” – წერია ნიკა გვარამიას წერილში.

