“უპირველეს ყოვლისა, ამ საკითხს შევხედოთ “ქართული ოცნების” პოზიციდან. “ოცნება” არის სასოწარკვეთილი, ვინაიდან საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია ვერ მიენიჭა ვერც მათ პარლამენტს და ვერც მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, ეს სასოწარკვეთა გამოვლინდა სწორედ ამ აქტით – შეიწყალა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე” – ასე აფასებს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე მიხეილ ყაველაშილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც ბუტიკაშვილმა “მეტრონომის” ჟურნალისტს განუცხადა, “ოცნებას” ამ ნაბიჯით, საგარეო ლეგიტიმაციის არარსებობისა და სანქციების ფონზე, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურება სურს. ეს ქმედება კი აზიანებს, როგორც “ლელოს”, ასევე “გახარიასაც”, რომელმაც წინა დღეებში გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტში არშესვლა იყო შეცდომა.
გიორგი ბუტიკაშვილის თქმითვე, “ლელოს” ლიდერების “ტყვეობიდან გათავისუფლებით”, ყაველაშვილმა თავის პრეზიდენტის ინსტიტუტს ლეგიტიმაცია მიანიჭა. თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მათ ამით გარკვეული ფონი შექმნეს. თუმცა რის ფასად მოუწვეთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ეს შეწყალება, და მათ შორის, გახარიასაც, ამას გადწყვეტს ამომრჩეველი, რომელიც ბუტიკაშვილის თქმით, ისედაც შემცირებულია.
“ძალიან მარტივად შეუძლიათ ლელოსაც და გახარიასაც, რომ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. გუშინ ბოლო დღე იყო რეგისტრაციის, მათ შეუძლიათ მიიღონ მორალური გადაწყვეტილება და ე.წ ტრიუკი, რაც ძალიან უყვარს ბიძინა ივანიშვილს, ჩაუტარონ “ქართულ ოცნებას” და თქვან, რომ ისინი აღარ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მათ შეუძლიათ, გადაარჩნინო პროცესი, გადაარჩნინონ მათი პარტია, მათი მორალური ხაზი, რომელიც ბოლო პერიოდში დაკარგული ჰქონდათ და ეს მათ ამომრჩეველზეც აისახა” – განაცხადა ბუტიკაშვილმა “მეტრონომთან”.

