რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ. „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით მიიღო.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ვიდრე მსჯავრდებული ზარალს არ აანაზღაურებს, 16 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გავა. ასეთმა პირმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შესაძლოა როგორც საკუთარი, ასვე ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქონება ჩამოერთვას.
თუკი ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული და მსჯავრდებული პირი ზარალს არ აანაზღაურებს, მას საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ქონის შესაძლებლობა არ ექნება, ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირებისთვის ფულის ან ქონების გადაცემა კი ახალი დანაშაული იქნება. უფრო კონკრეტულად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომელიც “მსჯავრდებულთან უკანონო გარიგებას“ გულისხმობს. აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირისთვის, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება იკრძალება.
ახალი კანონით ასეთი მსჯავრდებულის მიერ საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის გადაცემა დაისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, თუ მსჯავრდებულს თანხას იმ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხავენ, რომელიც ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ ბანკში აქვს ან საკუთრებაში უძრავ ქონებას გადასცემენ, მას ყადაღა დაედება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად აღსრულებაში მიეცემა.

