პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული დაფიონის დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დროს უნდა გამოაცხადოს მოსამართლე ნინო მჭედლიშვილმა განაჩენი. ის სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს მუხლი 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

