სალომე ზურაბიშვილი გნცახდებას ავრცელებს, რომლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების ყადაღაზე საუბრობს. ის ასევე ეხმაურება მომავალ არჩევნებს და კრიტიკულად აფასებს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ქმედებებს.
„არ შეიძლება ყველას არ გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ის ბრალდებები რაც წაყენებულია აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ვხედავთ არასამთავროებზე შეტევას, მეორე მხრივ, 9 – თვიანი პატიმრობის შემდეგ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. მძიმე ბრალდებები, სრულიად უსაფუძვლო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თურმე, ამას უნდა შევეგუოთ. დღეს საზოგადოებისთვის მოდის დრო, მივხდეთ, შეგუება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ რუსეთს ჩავაბარებთ. არ მგონია, რომ საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს , აქ არ ვიქნებოდი. მჯერა, რომ საქართველო არასდროს ჩაბარდება.
არ შემიძლია არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. სად არის ქვეყანა და სად არის რაღაც საარჩევნო კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის და რამეს მიაღწევს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა , საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა”. – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

