“სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ, ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს” – აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ, აქციაზე დაკავებული 11 პირიანთა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“13 წლის შემდეგ – ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავს მივეცი, რომ ვიდრე სასამართლო არ იქნებოდა თავისუფალი ვთქვი, რომ არ მივმართავდი არასდროს მოსამართლეს დარბაზში, ვიდრე არ დავინახავდი, რომ ამ მიმართვას ექნება ის სამართლებრივი ღირებულება, რომელიც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თავისუფლების სახით. რატომ შევცვალე ეს გადაწყვეტილება? ამის მიზეზია სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი ის თავისუფლება, რომელიც ჩემთვის არის მთავარი მოტივაცია დღეს და მიმაჩნია, რომ ჩემს განწყობაზეც თუ სურვილზე უფრო მაღლა დგას ამ ადამიანების ფაქტორი. ეს არის ჩემთვის მთავარი მოტივაცია. სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს. სამართლებრივი ანალიზი ძალიან ძლიერი გვაქვს. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ დღეს 26 რიცხვია და 26 არგუმენტი მოვუმზადეთ მოსამართლეს და რომ დაფიქრდეს, ყველა მათგანი ცალ-ცალკე საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენისთვის. მთავარი, რაც მინდა დავანახო, სრული სურათია, იმიტომ, რომ სამართალი არ იზომება მხოლოდ ვიწროდ და იმ რაღაც კონკრეტული დეტალებით. დიდ სურათში არის დასანახი, რატომ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე არამარტო ამ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ევროპული მომავალიც“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

