კულინარია

ტორტი „პავლოვა“: საკონდიტრო ხელოვნების ნიმუში

1926 წელს სახელგანთქმული რუსი ბალერინა ანა პავლოვას ავსტრალიურმა ტურნემ ადგილობრივ მოსახლეობაზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ერთ-ერთ უსაყვარლეს ტორტს მისი სახელი უწოდეს (იმ პერიოდისათვის უკვე გამოდიოდა პავლოვას სახელობის სუნამო, ტანსაცმლის სერია, შოკოლადები და კამფეტები). „პავლოვა“ ბეზეს ფირფიტისგან, ნაღების კრემისა და ხილისაგან მზადდება. ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები მას ძირითადად კივით რთავენ, ბრიტანელები კი ჟოლოთი, თუმცა არსებობს არანაკლებ გემრიელი მარწყვის და სხვადასხვა კენკრის ნარევის ვერსიებიც. მას ერთ მთლლიან ტორტად ან ინდივიდუალურ პორციებადაც აცხობენ.

მის ავტორობაზე ავსტრალიელებსა და ახალ ზელანდიელებს შორის გაცხარებული დავა დღემდე გრძელდება. თუმცა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დესერტი მაინც ახალზელანდიურია. ანა პავლოვას ბიოგრაფმა კეით მოუნიმ ხანგრძლივი ძიების შემდეგ დაადგინა, რომ ეს ტორტი ბალერინას ახალზელანდიაში მდებარე სასტუმრო „ველინგტონის“ შეფ-მზარეულმა გამოუცხო 1926 წელს. მიუხედავად ამისა, ავსტრალიელები ამტკიცებენ რომ „პავლოვას“ ტორტის რეცეპტი ავსტრალიელმა მზარეულმა ბერტ საშემ შექმნა 1935 წელს სასტუმრო „ესპლანადეში“ მუშაობისას. ტორტი ვიღაცის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოუცხვიათ და საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებულ მზარეულს აღუნიშნავს, რომ დესერტ პავლოვასავით ჰაეროვნად გამოიყურებოდა და სწორედ აქედან შერჩა ასეთი სათაურიო.

 

 

„პავლოვა“ ჟოლოთი

¼ ლ კვერცხის ცილა (დაახლოებით 8 ცალი კვეცხი), 200 გრ შაქარი, 150 გრ შაქრის პუდრა, 30 გრ კარტოფილის სახამებელი, 500 გრ ჟოლო, ¼ ლ ასათქვეფი ნაღები, 2 ს/კ შაქარი, 20 მლ კონიაკი, პერგამენტის ქაღალდი ტორტის გამოსაცხობად

საცხობ თუნუქის ფორფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი. ღუმელი გავახუროთ 100°C-მდე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ რაც შეიძლება კარგად და თან ცოტ-ცოტა შაქარი ვუმატოთ. ბეზე ბოლომდე რომ აითქვიფება ძალიან ფრთხილად გადავურიოთ შაქრის პუდრა და სახამებელი. გამზადებული ბეზე ჩავასხათ საკონდიტრო შპრიცში და პერგამენტზე დავსვათ სპირალურად დახვეული ბისკვიტის კორჟი, ირგვლივ კი ლამაზი ვასკვლავები დავუჯინოთ. ღუმელში შევდგათ, ღუმელის კარი ოდნავ გამოღებული დავიტოვოთ და 8 საათი ვაცხოთ. გამომცხვარ ბეზეს ავაცალოთ პერგამენტი და გავაგრილოთ. ჟოლო გავრეცხოთ და დავწრიტოთ. ნაღები და 2 ს/კ შაქარი ავთქვიფოთ და დავუმატოთ კონიაკი. კრემი წავუსვათ ბეზეს ფირფიტას შუაში და ზევიდან ჟოლოები დავალაგოთ.

ბეზეს ტორი ზუსტად ჭამის წინ უნდა მორთოთ, თორემ კრემი და ხილი ბეზეს ფირფიტას დაარბილებს და ფაფად აქცევს.

 

„პავლოვა“ მარწყვით და ბანანით

4 ც კვერცხის ცილა, 1 ჭ შაქარი, 3 ს/კ სახამებელი, 1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, 550 მლ ცხიმიანი ნაღები, 50 გრ შაქარის პუდრა,  300 გრ მარწყვი, 1 ც ბანანი,

კვერცხის ცილები კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და თანდათანობით დავუმატოთ შაქარი. ბეზე ბოლომდე რომ აითქვიფება, ფრთხილად გადავურიოთ გაცრილი სახამებელი და ძმარი. საცხობ თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი  და ქაღალდზე ბეზე დავასხათ და გავანაწილოთ ისე, რომ დაახლოებით 20 სმ-ის დიამეტრის ბისკვიტი გამოგვივიდეს. ბეზე ისე გავანაწილოთ, რომ ირგვლივ კედლები უფრო მაღალი ქონდეს, შუაში კი ჩაღრმავება. შევდგათ 100°C-მდე გახურებულ ღუმელში, კარები ოდნავ გამოღებული დავუტოვოთ და ვაცხოთ დაახლოებით 5-6 საათი. გამომცხვარი ბეზე გამოვიღოთ, ავაცალოთ პერგამენტის ქაღალდი და გავაგრილოთ. ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქრის პუდრა და წავუსვათ ბეზეს. ზემოდან მოვრთოთ მარწყვის და ბანანის ნაჭრებით.

chocolatecake-men

იტვირთბა....