ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამედ წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამედ წარადგინა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა დ თქვა, რომ “ზედიზედ მესამედ თბილისის მერობის კანდიდატობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.“

მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რეგიონების წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს.

ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მინდა, ცოტა გადახვევა გავაკეთო და გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ მძიმე პოლიტიკურ ფონს და მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა – თუ სად მოვიაზრებდი საკუთარ თავს პოლიტიკაში და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. სპორტში ვმოღვაწეობდი. არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს სჭირდება. დღეს, 14 წლის შემდეგ ცხადია, დავაგორვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია, იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.

მადლობას ვუხდი  ჩვენს მხარდამჭერებს – თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული იმ ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა.

დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია, თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია.

კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი – ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს.

ეს ქალაქი საუკუნეებია, დგას, როგორც გზაჯვარედინი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა იმ დაპირებების შესახებ, რომლის შესრულებასაც გეგმავს.

იტვირთბა....