ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს შანტაჟში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსეში წერს.
“ტაბულას” რედაქტორმა ცოტა ხნის წინ გიგაური და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად გააკრიტიკა. ჩერგოლეიშვილის თქმით, გიგაური სწორედ ამ განცხადებამ გააღიზიანა.
“იმისთვის, რომ ბევრი აქტიური ქალი მოვიყვანოთ პოლიტიკაში, მათ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ” – ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვებია. 2015 წლის სექტემბერში ესაუბრა ახალ თაობას.
როგორი სიტყვებია? იფიქრებთ, რომ ეს ადამიანი ქალების გაძლიერებისთვის იბრძვის. მაგრამ შეცდებით – ეს სიტყვები არ შეეხება ქალებს, რომლებიც გიგაურს “ნერვებს უშლიან” და რომლებსაც არც გიგაურის “მოყვანა” სჭირდებათ პოლიტიკაში, არც ხელისუფლების ხელშეწყობა.
ასეთი ამბავია:
წარმოიდგინეთ, რომ გიგა ბოკერია ხართ და საღამოს, ტელევიზორის ყურებისას, ეკა გიგაურის SMS-ს იღებთ სადაც ის მადლობას გიხდით.
უცებ იმასაც არკვევთ, რომ რომ მადლობა სარკასტულია და სინამდვილეში ცოლის გამო გსაყვედურობენ. მისი პოლიტიკური ჟარგონი, თუ მოსაზრება არ მოეწონათ.
რას იფიქრებთ?
უკეთ რომ წარმოვიდგინოთ სურათი:
სხვა სიკეთეებთან ერთად, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ორგანიზაციის დირექტორი, ქალბატონი გიგაური, პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გიგა ბოკერიას საყვედურობს იმის გამო, რომ მისმა ცოლმა, ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა რაღაც Facebook-ზე, რაც მას არ ესიამოვნა.
ეს რომ იყოს შუა საუკუნეები, ან ვცხოვრობდეთ საუდის არაბეთში – მე ნამდვილად არ გამიკვირდებოდა მსგავსი მიდგომა, პირიქით, მზად ვიქნებოდი ჩემი მეუღლის ბრძანებით, ეკა გიგაურის აფორიაქების გამო 15 ან 20 შოლტისთვის მიმეშვირა ზურგი, მაგრამ გიგაურისთვის სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ვერც გიგაური იქნებოდა პოსტზე, ისიც ქალია.
უცებ რომ გადავიმეოროთ ჯერ კიდევ წინა, 20-ე საუკუნის მონაპოვარი:
– ქალს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი;
– ქალს აქვს უფლება ეს აზრი გამოთქვას საჯარო სივრცეში;
– ქალის სიტყვებზე პასუხისმგებლობა ქმარს არ ეკისრება;
– ქალი ქმრის საკუთრება არ არის.
თითქოს იმას ვამბობ, რომ ბალახი მწვანეა – მაგრამ არც ასე მარტივად ყოფილა თურმე საქმე.
გიგას ბუნებრივია არც ჩაუთვლია საჭიროდ შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა ჩემი იმ პოსტის შესახებ, რომელმაც გიგაური გააღიზიანა და ჩათვალა, რომ თანამედროვე ეპოქის ისეთი თავისებურების შეხსენება უშველიდა საქმეს, როგორიც გენდერული თანასწორობაა. მაგრამ მწარედ შეცდა. საკითხი ასე “მარტივად” არ ამოწურულა.
გიგასთვის მიწერილი SMS შეიძლება ემოციური თავშეუკავებლობისთვის დამებრალებინა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა გიგაურმა ძალიან არაჯანსაღი ინსტიქტი გამოავლინა, მაგრამ “ბოკერიას ცოლის საგა” გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც გიგასგან ჩემს გამო თავის მართლება ვერ მოისმინა, საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორმა ბრძოლაში ქალბატონი ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილიც ჩართო და ამჯერად უკვე მათი სახელით, ჯგუფური წერილი მიწერა წერილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნებს, შესაბამისად სერგო რატიანს და ზურაბ ჭიაბერაშვილს.
წერილში გიგაურმა ნაციონალური მოძრაობა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ “შეუწყნარებლობაში” დაადანაშაულა ჩემ პოსტზე მითითებით (?!) და აცნობა, რომ რადგან მისი აზრით ჩემი მოსაზრებები მთელ პარტიაზე ვრცელდება, ისინი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრას აუქმებენ.
გიგაური წერდა, რომ შეიძლება მეუღლის პოზიცია პარტიის აზრს არ გამოხატავს, მაგრამ გიგასთან კომუნიკაციაში გამოჩნდა, რომ ისიც იზიარებს მისი ცოლის პოზიციას – როგორც ჩანს, გიგას უნდა დავეგმე იმისთვის, რომ გიგაურის და სხვა 39 არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ აზრი გამოვხატე.
მეჭიაურის ენაზე რომ ვთქვათ, “ მაგან ჯერ ცოლი გააჩეროს და მერე ვილაპარაკოთო” – შემოთვალა.
საქმე რომ გვქონდეს თამაზ მეჭიაურთან, შეიძლება პრობლემადაც არ ჩამეთვალა – ყველასთვის გასაგებია ის რა არის.
მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს აკეთებს ეკა გიგაური, რომელსაც საზოგადოების აქტიური ნაწილი გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლად იცნობს, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, ბევრ ჩემთვის და სხვისთვისაც პატივსაცემ ადამიანს ხელმძღანელობს და ხშირად სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს, ამას ძალიან საგანგაშო პრობლემად მივიჩნევ.
მეჭიაური შიშველია. გიგაური კი პატივსაცემი ორგანიზაციის ხელმძღვანელია და იმ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია, რომელიც დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის იბრძვის.
საგანგაშოდ მივიჩნევ შედეგის თვალსაზრისითაც – არჩევნები მოდის, ამ დროს კი დამკვირვებელ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიასთან საარჩევნო კოდექსზე შეხვედრას შლის, იმიტომ რომ მისი ლიდერისგან თანაგრძნობა ვერ მიიღო ცოლის სიტყვების დაგმობის საკითხში და ფაქტობრივად აშანტაჟებს, ემუქრება პროცესის ჩაშლით.
ამას გარდა ღირებულებით პრობლემას ვხედავ – როგორ ფიქრობთ, კეთილსინდისიერია ადამიანი, რომელიც ერთ მხარეს იმას ქადაგებს, რომ მეტი ქალის ხილვა სურს პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხარეს ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმართვას ხელს უშლის იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურმა ლიდერმა “ცოლს ვერ მიხედა”?
მოკლედ, სამი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა:
- ქალების თვითგამორკვევის მიმართ გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ორგანიზაციის ხელმძღვანელის რეალური მსოფლმხედველობა – ჩემ ქმარს საყვედურობს ჩემი სიტყვების გამო, თითქოს არასწრულწლოვანი ვარ და ის მამაჩემია, ან პატრონი.
- განსხვავებული აზრის, თუნდაც მკვახე კრიტიკის სრული მიუღებლობა.
- და რაც ყველაზე მთავარია, ეკა გიგაურის მზადყოფნა გამოიყენოს ის ძალაუფლება, რასაც მას საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორობა ანიჭებს, იმ პოლიტიკური პარტიის დასაშანტაჟებლად და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ჩასაშლელად, რომლის ერთ-ერთი ლიდერის ცოლიც მის კონკრეტულ მოქმედებებზე არც თუ მაღალი წარმოდგენისაა და ამას საჯაროდ ავლენს.
P.S. ვიცი გაჩნდება შეკითხვა და ამიტომ აქვე ვუპასუხებ. ეკა გიგაური შეშფოთდა პოსტზე, სადაც პოლიტიკური ჟარგონი გამოვიყენე და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს სასარგებლო იდიოტები ვუწოდე კონკრეტული ქმედების გამო. საქმე ეხებოდა წერილს, რომელიც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპის სახალხო პარტიას მიწერეს, ქვეყნის “პროგრესის” შესახებ აუწყეს და გააფრთხილეს, რომ თუ უვიზოს არ მოგვცემენ, ეს პრორუსულ განწყობებს გაზრდის.
მე მიმაჩნია, რომ პრორუსული განწყობები საქართველოში უპირველეს ყოვლისა რეგრესის და ხელისუფლების ქმედებების გამო იზრდება და ამაზე თვალის დახუჭვა სამოქალაქო სექტორის მხრიდან და წერილები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს ქმნის ამ განწყობების გაძლიერებისთვის. Hence ტერმინი სასარგებლო იდიოტები, რაც გაუცნობიერებლად მტრის საქმის მაკეთებელს ნიშნავს. ბიძინა რომაა, ასავალდასავალი რომ მოწონს და ინაშვილი ესახება მოკავშირედ, ამიტომ იზრდება პრორუსული განწყობა, ეს უნდა გავაგებინოთ ევროკავშირს, ჩვენ კი რაღაც სისულელეებს ვეუბნებით.
ვიღაც შეიძლება მეთანხმება, ვიღაც არ მეთანხმება? მერე რა?
მნიშვნელოვანი ეს არ არის. მნიშვნელოვანი ისაა, რომ დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, არ ესმის, რომ ნორმალურია, რომ ვიღაც მის მოქმედებებს არ ეთანხმება, სასარგებლო იდიოტიზმად მიიჩნევს და თუნდაც მკვახედ აკრიტიკებს. ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
პრობლემაა ისიც, რომ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი საკუთარ გავლენას იყენებს საზოგადოებრივად აქტიური ქალის მისადმი კრიტიკული ხმის ჩასახშობად. ჯერ ამ ადამიანის ქმრის, ხოლო შემდეგ ამ ადამიანის ქმრის პარტიის გამოყენებით.
ბუნებრივია ამის შესახებ ვაცნობებ საერთაშორისო გამჭვირვალობის ბორდს. შეფასებებს ვთხოვ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. მაინტერესებს რას ფიქრობენ იმაზე, მათი “თანამებრძოლი” ჩემს ქმარს რომ თხოვს, ჩემ სიტყვებზე პასუხს”.-წერს ჩერგოლეიშვილი.