საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, მან პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ერთგულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს“, – წერს მაკრონი.
საფრანგეთის ლიდერი ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.
„მშვიდობა შესაძლებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება. ასევე აუცილებელია ჰამასის დემილიტარიზაციის, ღაზას უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის უზრუნველყოფა და ბოლოს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება და, იმ პირობით, რომ მოხდება მისი სრული დემილიტარიზაცია და ისრაელის სრულად აღიარება, მისი მონაწილეობა მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნავს მაკრონი.

