ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის. წერილს, სხვა საკითხებთან ერთად, ახლავს რეკომენდაციების სია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს.
გარდა ამისა, კაია კალასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ბრიუსელიდან გამოუგზავნეს წერილი, სადაც საუბარია რიგ პირობებზე, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს. პირობების არ შესრულების შემთხვევაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება.
ამ თემაზე “მეტრონომი” “კოალიცია-ცვლილებისთვის” წევრს, გიორგი ბუტიკაშვილს დაუკავშირდა.
როგორც გიორგი ბუტიკაშვილმა აღნიშნა, “ვიზალიბერალიზაცია ადამიანის უფლებების დაცვაზეა მიბმული, თუ ადამიანის უფლებები ირღვევა, მაშინ საფრთხეა, რომ ამ ქვეყანასთან არ არსებობდეს თავისუფალი მიმოსვლა.”
“ეს რეკომენდაციები იმეორებს კომისიის დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა დეკემბერში და რომელიც პირდაპირ მიმართული იყო “ქართული ოცნების” მიმართ, რომ შეესრულებინა ის ვალდებულებები, რაც აკისრია დემოკრატიულ სახელმწიფოს და კანდიდატ ქვეყანას. “ოცნებამ” ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, შესაბამისად, იგივე მოთხოვნები არის განმეორებული და განსაკუთრებული აქცენტია გადატანილი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე.
ტექსტში, რომელიც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ მაკა ბოჭორიშვილს გამოეგზავნა, წერია, რომ საქართველოში თუ არ იქნება დემოკრატიული პრინციპები და ადამინაის უფლებები დაცული, საქართველოს უნდა შეუწყდეს თავისუფალი მიმოსვლა.
ვიზალიბერალიზაცია ადამიანის უფლებების დაცვაზეა მიბმული, თუ ადამიანის უფლებები ირღვევა, მაშინ საფრთხეა, რომ ამ ქვეყანასთან არ არსებობდეს თავისუფალი მიმოსვლა.
ჩვენ რასაც ისტორიულად ვუყურებთ, იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები დარღვეულია, ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა არ აქვს.თავისუფალი მიმოსვლა არის პრივილეგია და ენიჭება ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს იცავენ.
ყველა რეზოლუცია, რაც აქამდე ევროკომისიამ მიიღო, აჩვენებს, რომ საქარველოში მიმდინარეობს სრული რეპრესიები. შესაბამისად, ეს არის ბაზა, რითიც ევროკომისია ხელმძღვანელობს.
ამის გათვალისწინებით, ევროკომისიას აქვს იმის ბერკეტი, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს .ცხადია, რომ “ქართული ოცნება” ამ თემას გამოიყენებს პროპაგანდისტულად. მათ არჩევანი უკვე გააკეთეს, რომელიც არის – რუსეთი, ირანი და ჩინეთი.” – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

