როდესაც შენობა მეხუთე კატეგორიითაა შეფასებული, იქ არათუ ვაჭრობა, არამედ ცხოვრება არ შეიძლება. როგორც კი სახლს მიენიჭება მეხუთე კატეგორია, ის სახლი უნდა შემოიღობოს და დაუყოვნებლივ განხორციელდეს მისი დემონტაჟი. მოვითხოვ, გაასაჯაროონ ექსპერტიზის დასკვნა, – ამის შესახებ “კოალიცია-ცვლილებისთვის” წევრმა, ბესიკ დონაძემ სადგურის მოედნის ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, “მეტრონომთან” განაცხადა.
ბესიკ დონაძის თქმით, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხიმგელობა კახა კალაძეს ეკისრება.
“კახა კალაძემ პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კორპუსი შეფასებულია მეხუთე კატეგორიის ავარიულ შენობად. კალაძემ, როგორც ჩანს, არ იცოდა რას ნიშნავდა მეხუთე კატეგორია. როდესაც შენობა ასეა შეფასებული, იმ სახლში არათუ ვაჭრობა, არამედ ცხოვრება არ შეიძლება. როგორც კი სახლს მიენიჭება მეხუთე კატეგორია, ის სახლი უნდა შემოიღობოს და დაუყოვნებლივ განხორციელდეს მისი დემონტაჟი.
კალაძის განცხადების მერე, როგორც კი მიხვდნენ, რომ სიტუაცია დაამძიმეს, გამოდის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ამბობს, რომ შენობა არის მესამე კატეგორია.
თუ შენობა შეფასებულია მესამე კატეგორიად, მიუხედავად იმისა, რომ ავარიული მდგომარეობა პროგრესირებს, ამ შენობა-ნაგებობაში ცხოვრება შესაძლებელია.
როდესაც კორპუსს მესამე კატეგორიას ანიჭებ, ადამიანს შეუძლია კორპუსში თავისუფლად იცხოვროს მანამ, სანამ საუკეთესო პირობებს არ შესთავაზებს მერია. მაცხოვრებელს არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ სახლიდან წავიდეს, რადგან მესამე კატეგორიაა და საფრთხე არის მცირე.
თუ მოქალაქეს ეუბნები, რომ სახლი მეხუთე კატეგორიაა და განსხვავებულ პირობებს სთავაზობ, მის მდგომარეობას კი არ აუმჯობესებ, არამედ აუარესებ.
არ მჯერა, რომ ადამიანს შესთავაზეს კარგი პირობები და მან მაინც მოისურვა ავარიულ შენობაში ცხოვრება.
მოვითხოვ, გაასაჯაროონ ექსპერტიზის დასკვნა და გაგვაგებინონ, რომელი კატეგორია აქვს მინიჭებული კორპუსს. ამას რომ გავიგებთ, მერე მივხვდებით, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მანამდე.
სანამ არ იქნება საჯაროდ დადებული დოკუმენტი, არ გვჯერა არც ერთი სიტყვის.
გაასაჯაროონ სხდომის ოქმები, არსებობის შემთხვევაში, თუ რა პირობებს სთავაზობდნენ ადამიანებს გაყვანის შემთხვევაში და რა ვადებს უსახელებდნენ სახლის ასაშენებლად. და მთავარი, იყო თუ არა ეს ხალხი საქმის კურსში კორპუსის ავარიულობის კატეგორიასთან დაკავშირებით.
როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის კახა კალაძის. პასუხი უნდა აგოს კახა კალაძემ და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს უშუალოდ ეხებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ამ ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო.” – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანის, ქალისა და კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

