თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას დადასტურებულად აპირებს ორი ოპოზიციური პარტია – „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“.
ორივე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია საერთო კანდიდატებზე შეთანხმება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ტატა ხვედელიანს ესაუბრა.
„უპირველესად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვაცხადებთ მზაობას, ვიყოთ ჩართული თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან ვფიქრობ, რომ ბოიკოტი მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ე. წ. ხელისუფლებას.
ამდენად, ჩენ ვირჩევთ ბრძოლის ფორმას, რომელიც არსებული რეალობის მშვიდობიანი გზით შეცვლას გულისხმობს.
რაც შეეხება „ლოლოსთან“ კომუნიკაციას, მივესალმებით ამ პარტიის გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, ვიპოვოთ პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ჩვენსა და „ლელოს“ შორის არ იყოს წინააღმდეგობები და შევთანხმდეთ გარკვეულ საკითხზე.
კანდიდატების თემა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც „ლელოსთან“ ვაპირებთ შეთანხმებას. ამისთვის გვაქვს მზაობაცა და რესურსებიც.
ამ ეტაპისთვის კონსულტაციები მხოლოდ ჩვენსა და „ლელოს“ შორის მიმდინარეობს. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან კომუნიკაციას ვერ დაგიდასტურებთ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

