ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული ოცნება” საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს

“ქართული ოცნება” საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს, – ინფორმაციას ცენტრის წარმომადგენელი, თემო სუყაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

ჩვენი ქვეყნის და პარტიის მორიგი უბადლო წარმატება. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეული წარმატების შემდეგ, უკვე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Centerი საჭირო აღარაა. აქამდე ლიკვიდაცია მაღაზიების დახურვისას ცხადდებოდა ხოლმე და იქიდან ვიცოდი…
ახლა ცოტა სერიოზულად. ამ ძვირფას საქმეს 6 წელი ვემსახურე. ამ დროის მანძილზე ქვემო ქართლის 100-ზე მეტ სოფელსა თუ მუნიციპალურ ცენტრს ვესტუმრე (რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჯამში 300-მდე შეხვედრა მაქვს ჩატარებული).
პირადად მე, თემურ სუყაშვილი, არც ამ განთავისუფლებით დავიქცევი და მომავალში მოსალოდნელ რისკებსაც ასე თუ ისე კარგად ვაცნობიერებ, წინასწარ ვემზადები მენტალურად და ემოციურად.
ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები მადარდებს. ამ (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ: როსტოვის, კრასნოდარის, ლომონოსოვის და უნივერსიტეტებისთვის არ გაწირონ ისინი. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ ამ პოსტს “მისქრინავენ” ან „მოაკოპირებენ“ და გადააზიარებენ. იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე.
ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ. ამ პირობებში, ჩვენთან ისევ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს (უბერავს კიდევაც)…” –  წერს სუყაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....