„ნეტგაზეთის“ ცნობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს საქართველო-ნატოს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) შეხვედრების შეჩერებას და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის ზოგიერთი პრივილეგიის შემცირებას.
„მიმოხილვის საფუძველზე, მუდმივმოქმედმა კომიტეტმა 2025 წლის აპრილში, სკოპიეში გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა საქართველო-ნატოს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) შეხვედრები და შეემცირებინა საქართველოს დელეგაციის ზოგიერთი მონაწილეობის პრივილეგია. მუდმივმოქმედი კომიტეტი ასევე შეთანხმდა:
საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობა დარჩეს გადახედვის პროცესში;
შეინარჩუნოს ჩართულობა პოლიტიკურ ძალებთან მთელი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით;
გააძლიეროს ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იყო მიწვეული 2025 წლის გაზაფხულის სესიაზე დეიტონში, ოჰაიოში. ასამბლეა აგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, — აღნიშნულია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
შეგახსენებთ, საქართველო 1999 წლიდან NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრია და 2024 წლის მაისიდან ფლობს NATO-ს ასამბლეაში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ასამბლეამ GNIC (საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭო) 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტთან ინსტიტუციური ურთიერთობის გასაძლიერებლად შექმნა. საბჭო საქართველოს დელეგაციის, ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების თავმჯდომარეებისა და GSM-ის თავმჯდომარისგან შედგება.

