ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჯორჯიან ეარვეისის” VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა – სარადარო ინფორმაცია

26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ. აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის, კომპანია მას ასევე სხვადასხვა კლიენტებზეც აქირავებს. – ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგიმ ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში სწორედ “ჯორჯიან ეარვეისის” Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს.

“შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდიერის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში,”- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

როგორც მედია წერს, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქართულ ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.

BMG წერს, რომ “ჯორჯიან ეარვეისს” დაუკავშირდა, თუმცა კომპანიამ უთხრა, რომ კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ.

იტვირთბა....