ახალი ამბები მთავარი

კვირიკაშვილი: 9 აპრილმა შეცვალა ქვეყნის განვითარების ვექტორი და ხალხის ცნობიერება

9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვირგვინით შეამკო. პრემიერთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც.
„ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელით სცადა, წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. ეს იყო თავგანწირვის მაგალითი და იმ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველების ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმის, რომ შესაძლებელია, თუნდაც შენზე ბევრად აღმატებულ ძალას აღუდგე წინ მტკიცედ და ვაჟკაცობით. სამწუხაროდ, შემდგომ წლებში ამ გმირთა ჩამონათვალს ბევრი სახელი შეემატა. 9 აპრილი დარჩება იმ ახალგაზრდების გმირობის ამბად, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს.“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

იტვირთბა....