ჟინვალი-თიანეთის გზა სტიქიის ახალი კერების წარმოქმნის მიზეზი გახდება, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც გასულ წელს ჟინვალი-თიანეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას ასრულებდა, სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა და ლიცენზია შეუწყდა. – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში CENN-ის კოორდინატორმა გიორგი იორამაშვილმა განაცხადა.
”აღნიშნული კომპანია დააჯარიმა გარემოს დაცვის სამინისტრომაც. ამის მიზეზი ტყიან ფერდობებზე გამავალი გზის გაფართოების დროს წარმოქმნილი ინერტული ნარჩენის (კლდოვანი ქანების ნანგრევი ლოდები და მიწა) გზის ქვემოთ მეწყერსაშიშ ფერდობებზე გადაყრა იყო. ახალმა ტენდერმა გამოავლინა ახალი გამარჯვებული კომპანია, რომელიც, წინა კომპანიის მსგავსად, ინერტული ნარჩენის ფერდობებზე გადაყრას აგრძელებს. ჟინვალი-თიანეთის გზა სტიქიის ახალი კერების წარმოქმნის მიზეზი გახდება. მშენებლობის დროს წარმოქმნილი და დაგორებული ლოდები იწვევს მეწყრულ უბნებზე მდგარი ხეების დაზიანებას, მტვრევას, ქერქის აცლას და შემდეგში ხმობას. ასევე განაპირობებს მეწყერსაშიშროების გაზრდას, რადგან აქამდეც არსებული მეწყრული მიწის მასივებზე მილიონობით ტონა ინერტული მასის ზემოდან დაყრა უფრო დაამძიმებს მოძრავ მიწის ქანებს, რამაც ინტენსიური წვიმების დროს შეიძლება გამოიწვიოს ამ უბნების ერთბაშად მოწყვეტა და ქვემოთ არსებული ხევის შეგუბება. ამ შეტბორვის უცებ გასკდომამ კი შეიძლება წალეკოს მდინარის ქვემოწელში (დაახლოებით 5 კილომეტრში) გაშენებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთის ნაწილი.
აღარაფერს ვამბობთ ფერდობების ღრმად ჩამოჭრაზე, რამაც შეიძლება ახალი მეწყრული კერები გააჩინოს და არც იმაზე, რომ ვერტიკალურად ჩამოჭრილ ფერდობზე ცხოველები გადაადგილებას და მიგრაციას ვეღარ შეძლებენ, რასაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და პროექტში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები იდება
“, – აცხადებს გიორგი იორამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟინვალი–თიანეთის 22-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია/გაფართოვება ორი წლის წინ დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა გზამ ლარსიდან ბაქოს მიმართულებით მოძრავი სატვირთო ტრაილერების გადაადგილება უნდა უზრუნველყოს.