პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, “იგი კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია”.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძეს ბრალება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.