ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შესაძლო დანაშაულზე თანამშრომლის თათია სამხარაძის მიმართ, განცხადებას აკეთებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძეც.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც სამხარაძემ ღიად ისაუბრა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, ნინია კაკაბაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედმა” უნდა განმარტოს მიზეზები, რატომ გაუშვა რამიშვილი ტელეკომპანიიდან.
“ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალვა რამიშვილი გათავისუფლებულია სამსახურიდან, მაგრამ შალვასთან ერთად არ გაათავისუფლეს ის ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა. როგორც ვიცი 40 კაცზეა საუბარი. ძალიან კარგია თუ ისინი საკუთარ ადგილს ტელევიზიაში შეინარჩუნებენ. “იმედს” არ აქვს არავითარი უფლება ერთი ადამიანის უზნეო საქციელს გადააყოლოს მთელი გუნდი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “იმედმა” დაასახელოს შალვა რამიშვილის სამსახურიდან გაშვების მიზეზი. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს ამ პრობლემის იდენტიფიცირება. ჩვენ ამ პრობლემაზე ღიად უნდა ვისაუბროთ და ეს უნდა იყოს დეკლარირებული, რათა სხვა ადამიანებმაც გაიგონ. ჩვენი თხოვნა ტელეკომპანია “იმედის” მიმართ, არის რომ მათ აუცილებლად დაასახელონ ის მიზეზი რის გამოც შალვა რამიშვილი აღარ იქნება “იმედის” თანამშრომელი”. – აცხადებს კაკაბაძე.
პრესკონფერენციას ესწრებოდა „ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაიაც. პატარაია კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.
„ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები, თუმცა ქალები ამის შესახებ დუმილს ვერ არღვევენ და ძალიან უჭირთ დაუპირისპირდნენ კაცებს. ეს შემთხვევა უნდა იყოს პირველი მაგალითი რომ ქალებმა ხმა ამოიღონ. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზი და პრობლემა, რადგან სექსუალური შევიწროება არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის დანაშაულს და არც ადმინისტრაციულს. შესაბამისად, როდესაც ამ საქმეს სასამართლოში მიეცემა შესაბამისი მსვლელობა საქმე უნდა წავიდეს შრომის კოდექსის და ანტიდისკრიმინაციული კანონით. საქმის იმ გარემოებებს, რასაც ჩვენ ვიცნობთ, საქმე გვაქვს სექსუალურ შევიწროებასთან და ეს არის შრომის კოდექსის დარღვევა“. – აცხადებს პატარაია.
შეგახსენებთ, თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. რამიშვილი დღეს აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაშია დაბარებული.