ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროს მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა „ერთობა 2013“-ის გაფიცვის 30 დღით გადადების თაობაზე.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპარაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013“-თან, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობის ზომის შეფარდებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა 8 აპრილს გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ისინი ხელფასების მომატებს ითხოვენ.

იტვირთბა....