საქართველოში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება. ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი საქართველოში სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვლენ.
პროექტის ღირებულება 29 მილიონი ლარია. თანხის ძირითადი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაიხარჯოს. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ კერძო პირებთან პროექტის თანადაფინანსების კუთხით.
ეროს რამაზოტის კონცერტი 24 აპრილს თბილისში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, რობი უილიამსის 27 მაისს დინამო არენაზე, Maroon 5-ის 7 ივნისს ბათუმში, ხოსე კარერასის კი – 18 ივნისს ქუთაისში.
ეროს რამაზოტის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს 12 საათიდან დაიწყება საიტზე tkt.ge და ფილარმონიის სალაროებში. რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები კი 15 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთების მინიმალური ფასი 20 ლარი იქნება.