„X ფაქტორის“ ერთ-ერთი კონკურსანტი, 19 წლის ცირა კობიაშვილი, რომელმაც სიმღერა დაღუპულ შეყვარებულს მიუძღვნა, მაყურებლის ყურადღების ობიექტში მოექცა. ჟურნალისტი თათია პაჭკორიას შვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას იხსენებს ისტორიას გარდაცვლილი შეყვარებულის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, თითქმის მის თვალწინ მოკლეს:
„ამაყობდა ჩემით, თუმცა მისი სიცოცხლის პერიოდში ვერ გავბედე რომელიმე პროექტში გამოსვლა, რადგან წარუმატებლობის მეშინოდა და საწადელისთვის რომ ვერ მიმეღწია, იმ ადამიანს თვალებში ვერ შევხედავდი.
ახლა კი ვამაყობ, რომ მისი იმედები გავამართლე და ზუსტად ვიცი, რომ სადაც არის, ჩემი წარმატებით ძალიან ბედნიერია.
ყოველთვის მქომაგობდა. ტელეფონში ჩემი სიმღერის ვიდეოებს მეგობრებს აჩვენებდა, ნახეთ, ჩემი შეყვარებული როგორ მღერისო.
ურთიერთობა კარგი მეგობრობით დავიწყეთ. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა. ეს არ იყო თინეიჯერული გართობა, დიდი სიყვარული გვქონდა. იმდენად მშვიდი წყვილი ვიყავით, თავშეყრის ადგილებსაც კი ვერიდებოდით, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდი. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი.
ეს უბედური შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს მოხდა. ერთად უნდა გავსულიყავით და სახლში ველოდებოდი. საღამოს კი სროლის ხმა გავიგე. ფანჯრიდან რომ გავიხედე, საშინელი სურათი დავინახე… არანაირი ჯგუფური გარჩევა არ ყოფილა. მკვლელმა თავის არეში იარაღი ესროლა და მიიმალა, საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ის წუთები თავში კადრივით ჩამრჩა“, – ამბობს ცირა კობიაშვილი.
კონკურსანტი მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს, ამავდროულად, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეყვარებული მის გამო მოკლეს, უარყოფს.
„დიდი ხანი ვერ ვიჯერებდი, რომ ამქვეყნად აღარ იყო და სულ ველოდებოდი. მესიჯებს ვწერდი და პასუხსაც ველოდი. ვიღაცები ამბობდნენ, ერთ თვეში დაავიწყდებაო. ჩემს ცხოვრებაში როგორი ღირსეული ბიჭიც არ უნდა გამოჩნდეს, ჩემი საყვარელი ადამიანის შეცვლა ძალიან გაუჭირდება. მას ვერასოდეს დავივიწყებ. ჩემს ადგილას ისიც ასე მოიქცეოდა. „X ფაქტორი“ ჩემთვის სტრესიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. მინდა ხალხმა ჩემი ტრაგედია სიყვარულის ისტორიად მიიღოს და არა ისე, რომ მე ამ ყველაფრით ვმანიპულირებ“, – ამბობს ცირა კობიაშვილი.
ცირას შეყვარებული გოგა კვარაცხელია გასულ წელს, დეკემბერში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მოკლეს.
მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ანგარისშწორება სახელდება.