“თინათინ ხიდაშელი ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრია და რაც უფრო მალე დატოვებს ამ თანამდებობას, მით უკეთესი. თუმცა, არ მგონია, რომ მან შეძლოს ჯარის ქუჩაში გამოყვანა“ – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგი თოფაძე გაზეთ “საქართველოს და მსოფლიოსთან” აკეთებს. შეკითხვაზე – “დღეს, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშალა, მიზანშეწონილია ქალბატონი ხიდაშელის დარჩენა თავდაცვის მინისტრად?”,-თოფაძე პასუხობს:
“გენერალისიმუს” ხიდაშელს იმდენი “საქმენი საგმირონი” აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან.
რესპუბლიკელებმა პრეტენზიებით აიკლეს “ქართული ოცნება”. პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ – მინისტრებად, მაჟორიტარებად. მიმდინარეობდა გაუთავებელი ვაჭრობა; და რა თქმა, უნდა, ჩვენ, ანუ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები, შეურაცხყოფილი ვიყავით”, – აცხადებს თოფაძე.
რაც შეეხება საგარეჯოს არჩევნების თემას, რომელიც პროკურატურამ გამოძიებულად გამოაცხადა და თავდაცვის მინისტრის ქმედებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა, გოგი თოფაძისთვის ეს უცხოური გავლენის მაჩვენებელია:
„ვფიქრობ, პროკურატურაზე გარკვეულმა ძალამ, სავარაუდოდ, უცხოურმა, იქონია ძლიერი გავლენა. დღესაც ვამტკიცებ, რომ საგარეჯოს არჩევნები ჩატარდა უხეში დარღვევებით, რაც არაერთი ოფიციალური დოკუმენტით დავადასტურეთ.“ – ამბობს თოფაძე გაზეთთან.
geworld.ge