მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის განცხადებით, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ცხედარი დამახინჯებული იყო.
ლანა პაპიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მის სიძეს მარჯვენა ხელზე თითები ჰქონდა დამტვრეული:
„ჩემი სიძის ცხედრის ფოტოებს რომ გავეცანი, უდიდესი შოკი მივიღე. ცხედარი დამახინჯებული იყო. ამას ერთი კაცი ვერ მოახერხებდა. მარჯვენა ხელზე თითები ჰქონდა დამტვრეული, ანუ მკვლელს წინააღმდეგობა გაუწია. მაგდას სილურჯეები არ აღმოაჩნდა, არც ფრჩხილებში – მისი დნმ-ი.
ბავშვი ჩაფსმულ მდგომარეობაშია ნაპოვნი, ანუ შიშისგან დაემართა ეს. სავარაუდოდ, დიდი ხანი იყო მარტო და შიშისგან შოკი მიიღო, თუმცა, ექსპერტიზის პასუხებით, ის გაგუდულია. მამა-შვილის გარდაცვალებას შორის განსხვავება ხუთი საათია“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გადაწყვეტილება თავად ბრალდებულმა მიიღო. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მოსამართლემ ხვალ, 7 აპრილს, 11:00 საათზე ჩანიშნა.