ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მზია ამაღლობელი წევს და გადასხმები უდგას, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს.
ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.
” მე რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს ადამიანი წევს, გადასხმები უკეთდება, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას. ეს დღეები მუდმივად ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს, მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად. ეს პროცესი დანიშნულია 4 მარტს.
არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ კლინიკაში კვლევები უტარდება და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმებია, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა. იწვა ამდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე მე იქ ვიყავი, მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ. ცხადია, უფრო სუსტად არის, ვიდრე ბოლოს ვნახე, მაგრამ ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება, პროცესზე თავად დასწრება”. – განაცხადა ამაღლობელის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.