საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ არჩევნების დანიშვნა ოქტომბრის დასაწყისში არასწორია.
“რატომ დაინიშნა არჩევნები 8 ოქტომბერს? წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნებამდე 60 დღით ადრე. აგვისტო მკვდარი თვეა და ყველას ცხელა, ოღონდ არა არჩევნებისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ურბანული ცენტრები დაცლილია და საარჩევნო კამპანიაშიც ვერ მიიღებს ამომრჩეველი მონაწილეობას. ტელევიზია აგვისტოში ისვენებს, ყურებადობა დაბალია 15 სექტემბრამდე. შესაბამისად, მხოლოდ სექტემბრის ნახევარი გვაქვს დებატების და პარტიების პრეზენტაციებისთვის, რაც არარეალურად მცირე დროა.
რატომ წაართვით ქვეყანას საარჩევნო კამპანიის მთელი ერთი თვე? არა აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს ელექტორატი, თუ ბრმას?
ვერაფერს იტყვი, ძალიან სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა…” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, არჩევნების თარიღი გუშინ გახდა ცნობილი. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.