„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.
„იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, იმ პირებს, რომლებსაც უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, მათ ცესკოს წევრებიც დაემატებიან.
ამავე ინიციატივის ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.