ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპი, მისი საგარეო პოლიტიკა და საქართველო – გიორგი ლაბაძის ინტერვიუ “მეტრონომთან”

ორი დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა. ამდენად, ბუნებრივია, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ მთელი საერთაშორისო პოლიტიკური ანალიტიკის მთავარი თემაა – როგორი იქნება დონალდ ტრამპის პოლიტიკა, განსაკუთრებით, საგარეო მიმართულებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.

„მეტრონომის“ რესპონდენტმა ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის, როგორც პოლიტიკოსის, ზოგად მახასიათებელს.

მან ვრცლად მიმოიხილა ტრამპის საგარეო პოლიტიკური გეგმები და ასევე არსებული მოლოდინები, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.

„დონალდ ტრამპი ნაკლებად არის ისეთი სწორხაზოვანი, პროგნოზირებადი პოლიტიკოსი, როგორიც ჯო ბაიდენი ან ბარაკ ობამა იყვნენ და მისი, ასე ვთქვათ, მთავარი ხიბლიც ეს არის. ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მას შეუძლია საერთაშორისო პოლიტიკაში განახორციელოს ისეთი ძვრები, რომლებიც გამოიწვევს საინტერესო პროცესებს. ამ მხრივ, ტრამპი უფრო საინტერესო ფიგურად მიმაჩნია. 2021 წელს ბაიდენზე მყარდებოდა განსაკუთრებული იმედები მაშინ, როცა ის იყო ობამას ვიცე-პრეზიდენტი და აბსოლუტური მომხრე იმ პოლიტიკის, რასაც ობამა რვა წლის განმავლობაში ატარებდა. ობამა კი, ჩემი აზრით, ნამდვილად არ ყოფილა აშშ-ის საუკეთესო პრეზიდენტი. ბაიდენმა გააგრძელა მისი თავშეკავებული, ფრთხილი პოლიტიკა. უპირველესად, საგარეო მიმართულებას ვგულისხმობ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს, როგორც ვნახეთ, ინაუგურაციის სიტყვაში მან ისაუბრა პანამის არხის საკითხზე. მართალია, აღნიშნულ გამოსვლაში მას არ უხსენებია გრენლანდიის თემა, თუმცა ამ შემთხვევაში არის ვარაუდები, რომ ტრამპმა მიიღო დანიისგან გარკვეული ნებართვა, რომ გრენლანდიაში, არქტიკის კონტროლის მიმართულებით, ისინი არ შეუშლიან ხელს ამერიკას, ამიტომაც შეიძლება ტრამპის რიტორიკაც შერბილდა. თუ თავიდან დანიამ განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება, მერე ითქვა, რომ ეს გრენლანდიელი ხალხის გადასაწყვეტია. პანამა კი ჯერჯერობით დათმობაზე წასვლის წინააღმდეგია და ამიტომაც, ტრამპი მასზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.

რესპუბლიკური პარტიასთან აფილირებულმა ბევრმა კვლევითმა ინსტიტუტმა არჩევნების მერე განაცხადა, რომ ტრამპი უახლოეს მომავალში საგარეო პრობლემების მოგვარებას მეზობელი სახელმწიფოებიდან დაიწყებს. პანამის საკითხის სწორედ ამის გამოძახილია. ასევე ამის გამოძახილია მადუროს დაჭერისათვის დაწესებული ჯილდო. საერთოდ, ვენესუელა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვენესუელელი ხალხი თითქმის ყველგანაა. ისინი მადურომ გაყარა სამშობლოდან. მათ მიაღწიეს ამერიკის მმართველ ელიტებამდე. ვენესუელას აქვს ნავთობრესურსები და საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ს სურს, იქ შევიდეს ამერიკული კომპანიები, რომლებმაც უნდა დააბალანსონ ნავთობის ფასები. ამ გზით ის ხელს შეუშლის რუსეთის გამდიდრებას და, მაშასადამე, ახალი ომის შესაძლებლობას.

ამ ნაბიჯების მიზანი სამხრეთ ამერიკაში  ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესების მაქსიმალურად შეზღუდვაა. ამაში შედის ასევე ნიკარაგუასა და კუბის საკითხები. კუბის პარტიას ბაიდენმა ტერორისტული ჯგუფის სტატუსი მოუხსნა, ტრამპმა კი ის დაუბრუნა.

ამდენად, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე გვექნება აქტიურ საგარეო პოლიტიკასთან.

რაც შეეხება ჯო უილსონს, მისი განცხადებების გაგება თუ გვინდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის აქტივობას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ზოგადად, აღმოსავლეთთან მიმართებით.

მას აქვს შეხვედრები და მიმოწერები საუდის არაბეთთან, რაც უკავშირდება სირიისა და ისრაელის საკითხების გადაწყვეტას.

ეს იმას ნიშნავს, რომ უილსონი არის ადამიანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის შესახებ, სულ მცირე, ინფორმაციებს აგროვებს. მას შეუძლია ეს მიაწოდოს, ერთი მხრივ პრეზიდენტს, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო დეპარტამენტს და მოსთხოვს ამ უკანასკნელს რეაგირება. თანაც, ის არ არის გუშინდელი სენატორი, 2001 წელიდანაა კონგრესში,რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი დანიშვნა იგეგმებოდა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელად, მაგრამ ისე მოხდა, რომ გამოიკვეთა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ბრაიან მესტი, რომელმაც ავღანეთის ოპერაციების დროს კიდურები დაკარგა. მისი გამოცდილების, ვეტერანობისა და მკაცრი პროისრაელური პოზიციიდან გამომდინარე, ის იქნა შერჩეული.

საქართველოს შემთხვევაში, უპირველესად, ნაბიჯების გადადგმა მოსალოდნელია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. თუ გავიხსენებთ, ბილ კლინტონის მერე, ბაიდენი იყო ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის დროინდელი სახელმწიფო მდივანი საქართველოში არ ჩამოსულა. ალბათ, ეს უნდა შეიცვალოს. მართალია, მარკო რუბიოს ძალიან ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება დაიგეგმოს მისი ვიზიტი საქართველოში.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკელები ხედავენ, რა სიტუაციაა საქართველოში. მათ იციან, რომ იგეგმა საქართველოს ჩართვა 3+3 ფორმატში, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი, უშუალოდ საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული.

საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არ არის მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები, არამედ ამაში ჩართული არიან ჩვენთვის არასასურველი, მტრული ძალები. ამდენად, ჩვენთან დაკავშირებით ამერიკული პოლიტიკა გამოვლინდება აშშ-სა და ამ მტრულ ძალებს შორის ურთიერთობიდან. რეალურ შედეგებს აქ დავინახავთ.

ტრამპმა დააანონსა, რომ მომდევნო ასი დღის განმავლობაში ჩავა ჩინეთსა და ინდოეთში. ჩინეთთან, სავარაუდოდ, სავაჭრო საკითხები უნდა შეათანხმოს, ინდოეთთან კი გამოასწოროს ბაიდენის მიერ არეული ურთიერთობა, რათა ინდოეთი მაქსიმალურად გამოიყენოს ჩინეთის საპირწონედ. შესაძლოა, მან ჩინეთსა და ინდოეთს მოსთხოვოს, რომ მათ აღარ შეიძინონ რუსული ნავთობი. მოგეხსენებათ, ჩინეთმა და ინდოეთმა სანქცირებული ტანკერების მიღება შეწყვიტეს და ეს ამ ამბის გაგრძელებაა.

ასევე ტრამპმა თავად თქვა, რომ ისინი ცდილობენ, მაქსიმალური ბერკეტები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, რათა უკრაინისა და მათ შორის ამერიკისთვის, რაც შეიძლება სასარგებლო ზავი დაიდოს. რუბიომაც განაცხადა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ უკრაინაში ომი დასრულდეს ისე, რომ რუსეთმა ორ ან ოთხ წელში ისევ თავიდან დაიწყოსო. რუბიო კუბელი ემიგრანტია და მან ძალიან კარგად იცის, რა იყო საბჭოთა კავშირი, რას ნიშნავს რუსეთი და რუსული აგრესია.

ამდენად, მე მგონია, რომ ამერიკელები ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებებით” – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო და 2024 წლის 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი, კამალა ჰარისი, დაამარცხა.

იტვირთბა....