წყნეთი-ახალ დაბის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოინგრა. გადაადგილება სახიფათო ხდება. მოსახლეობა ვეღარ იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზის დამაკავშირებელი ნაწილი დილის 6 საათზე ჩამოინგრა. ეს გზა გასული წლის 13 ივნისის შემდეგ ავარიულია. აქ თითქმის ერთი წელია გეოლოგები მუშაობენ, თუმცა დასკვნა იმის შესახებ, რომ ზონა მეწყერსაშიშია, ჯერ არ არსებობს. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გზა კაპიტალურად ამ დრომდე ვერ შეკეთდა.
ადგილზე მოსახლეობა და ვაკის გამგეობის წარმომადგენელი იმყოფებიან. ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.
მოსახლეობის განცხადებით, თუ გზის შეკეთება და მისი უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება არ მოხერხდება, სავალ გზას კარგავენ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს მთავრობის სხდომა, სადაც დამაკავშირებელი გზის საკითხიც იქნება გატანილი.
რუსთავი 2