ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნადია სავჩენკომ დაპირებისამებრ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

უკრაინელმა პილოტმა ნადია სავჩენკომ დაპირებისამებრ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. პროტესტის ამ ფორმას მან ჯერ კიდევ განაჩენის ძალაში შესვლისთანავე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს წერილი ერთი კვირის წინ  მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განათავსა. ნადია სავჩენკო არ აპირებს იყოს პოლიტიკოსებს შორის სავაჭრო საქონელი და საკუთარი ბედის გადაწყვეტას თავად გეგმავს.

„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი – ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების სავაჭრო საქონელი არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ,“ – წერს სავჩენკო.

სწორედ ამ წერილში დაანონსა სავჩენკომ, რომ 6 აპრილიდან მშრალ შიმშილობას დაიწყებდა.

„შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში,“ – დაწერა სავჩენკომ.

ცნობისთვის, სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს. ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....